სოლომონ I

სოლომონ I

სოლომონ I (დ. 1735 — გ. 23 აპრილი, 1784, ქუთაისი) — იმერეთის მეფე 1752-1784, ალექსანდრე V-ისა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარ აბაშიძის, ძე. სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, გურიელი, აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის მებრძოლ პრეტენდენტთა ცხარე ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა. სოლომონი ტახტზე ასვლისას 15 წლისა იყო. 1752 წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი, ბაბუა — ბესარიონი და მეფის ბიძები — მამუკა და გიორგი, შეძლო მათი დამარცხება. მაგრამ სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სამეფოდან გააძევა, აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა. სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა: ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები; ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. „ფიცის კაცნი“. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები, მიქაბერიძეები, ყიფიანები, ქორქაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/სოლომონ_I


კონტაქტი