სიმონ II

სიმონ II, სიმონ-ხანი (გ. 1630 ან 1631) — ქართლის ხანი (ქართული წყაროებით — მეფე) 1619-1630/1631. ირანში გაზრდილი, მაჰმადიანი, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ-ხანი) ძე. მცირეწლოვანი სიმონ II ქართლის ხანად დანიშნა ირანის შაჰმა აბას I-მა და მრჩევლად დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა. 1625 მარტში, გ. სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, სიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა. ქართლ-კახეთში თეიმურაზ I გამეფდა. მარაბდის ბრძოლის (1625 ივლისი) შემდეგ შაჰმა სიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა, ქართლის დანარჩენ ნაწილს თეიმურაზ I ფლობდა. ბაზალეთის ბრძოლის (1626) შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში თეიმურაზ I შეუთანხმდა ზურაბ არაგვის ერისთავს და მოაკვლევინა სიმონ II.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_II


კონტაქტი