ლევანი

ლევანი

ლევანი — კახეთის მეფე 1518/1520—1574 წლებში, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე. 1513 წელს, როდესაც ქართლის მეფემ დავით X-მ კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილება, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე კახელმა თავადებმა ოჩანის ციხეში დამალეს. მათ ისარგებლეს 1518 წელს ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 წელს ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და იცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლევანი ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. 1551 წელს ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I-ს შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავის დადების (1555) შემდეგ შაჰს არ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები. ამით უკმაყოფილო ლევანი 50-60-იან წლებში შეეცადა რუსეთისაგან დახმარების მიღებას. 1563 წელს მან ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-თან, რის შედეგადაც კახეთში ჩამოვიდა რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტმა აიძულა ლევანი ეს რაზმი მალე დაეთხოვა. ლევანის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა, ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები — ბაზარი და გრემი. 1574 წელს ლევანი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ატყდა ტახტის დაუფლებისათვის.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ლევანი_(კახეთის_მეფე)


კონტაქტი

www.000webhost.com