ვახტანგ V

ვახტანგ V, შაჰნავაზი (გ. 1675) — ქართლის მეფე 1658-1675. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, სათავადოს მეთაური 1629-1658. როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით, ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონომიური წინსვლისთვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონომიურ წინსვლას. ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი არჩილი იმერეთის ტახტზე აიყვანა (1661). დადიანად ვახტანგ V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა. მაგრამ მალე ოსმალების მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა იმერეთიდან გაეყვანა არჩილი. ვახტანგ V შეეცადა არჩილი კახეთის მეფედ დაესვა, მაგრამ მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე (შემდეგში ერეკლე I) გამოვიდა, რომელმაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო 1675 ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_V


კონტაქტი