ერეკლე I

ერეკლე I

ერეკლე I, ნაზარ ალი-ხანი, ნიკოლოზი (დ. 1642 – გ. 1709) — ქართლის (1688-1703) და კახეთის (1703– 1709) მეფე, თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი. ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა და ცნობილი იყო ნიკოლოზის სახელით. 1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლე I რუსეთში დაბრუნდა. 1674 ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის მოთხოვნით ირანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება მოსთხოვა. ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა.1688 წელს შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარალი-ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც – ქიზიყი და თუშეთი უწყალობა. 1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე - გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამასთან, შაჰმა იგი ირანს მიიწვია, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავითი გამოგზავნა. ერეკლე I ირანში დარჩა და იქვე გარდაიცვალა. ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას. მან მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ერეკლე_I


კონტაქტი

www.000webhost.com