დავით X

დავით X (დ. 1482 — გ. 1526) — ქართლის მეფე 1505-1525, კონსტანტინე II-ის ძე. მისი მეფობის დროს საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510-ში დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). მის წინააღმდეგ ბრძოლა დავითის უმცროსმა ძმამ, ბაგრატ მუხრანბატონმა იკისრა. 1513 წელს, როდესაც ბაგრატმა ავგიორგი შეიპყრო, დავით X-მ კახეთის სამეფო გააუქმა და ქართლს შემოუერთა. გიორგი მეორის მემკვიდრე, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა გადამალეს. 1518 წელს ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. 1522 წელს დავით X-მ უარი თქვა ისლამის მიღებაზე, რის გამოც ქართლს ისევ სპარსელები შეესივნენ. დავით მეფეს ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხება მოუწია, რის შემდეგაც თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524 წელს ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 წელს ტახტი თავის ძმას — გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით. მოგვიანებით მისმა ვაჟმა, ლუარსაბ I-მა შეძლო თავზე ქართლის გვირგვინის დადგმა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_X


კონტაქტი

www.000webhost.com