დავით II

იმერეთის მეფე(1784-1789), გიორგი VII–ის ძე, სოლომონ I–ის ბიძაშვილი; ტახტზე ავიდა მსხვილი ფეოდალებისა და კაცია II დადიანის მხარდაჭერით; ამავე დროს ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა სოლომონ I–ის ძმიშვილი დავით არჩილის ძე(შემდგომ სოლომონ II), რომელიც სოლომონ I–ს ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული; 1784 წელს დავით II–მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა; ამით უკმაყოფილო თავადები დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს; მან მოწინააღმდეგე თავადები გადააყენა და მათ ნაცვლად თავისის ერთგული ხალხი დააწინაურა; ამით ურთიერთობა მათ შორის უფრო გამწვავდა; 1788 წლიდან მოწინააღმდეგე თავადთა პოზიციზა გაძლიერდა, მათ ოდიშის ახალი მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა; დადიანმა პოლიტიკური მიზნით დავით არჩილის ძე თავის დაზე დააქორწინა; მათხოჯის ბრძოლაში(1789) დავით II დამარცხდა და ახალციხის საფაშოში გაიქცა; დავით არჩილის ძე კი მეფედ გამოაცხადეს სილომონ II-ის სახელით; 1790 წელს დავით II ოსმალ–ლეკთა ჯარით იმერეთში შეიჭრა, სილომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და თვითონ გამეფდა; სოლომონმა იმავე წელს დაიბრუნა ტახტი; შემდგომ დავით II ერეკლე II-ის შუამდგომლობით იმერეთში დაბრუნდა, საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა; 1792–1794წწ. ლეკთა ჯარის დახმარებით კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხდა და ისევ ახალციხის საფაშოში გაიხვეწა(იქვე გარდაიცვალა).


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.262


კონტაქტი