დავით I

კახეთის მეფე 1601-1602წწ., ალექსანდრე II–ის ძე, თეიმურაზ I–ის მამა; გამეფდა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ; მამა აიძულა ბერად შემდგარიყო; თავის ძმას, გიორგის, თავდაპირველად საუფლისწულო მამული მისცა, ხოლო შემდეგ დააპატიმრა, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, შეთქმულების 17 მონაწილე კი სიკვდილით დასაჯა; არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა; დავით I–მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა; მისი მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები ნაშჩოკინი და ლეონტიევი, რომლებმაც მას რუსეთის მეფის – ბორის გოდუნოვის ერთგულების "ფიცის წიგნი" მიაღებინეს; ელჩების კახეთში ყოფნის დროს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა; მას ეკუთვნის სპარსულიდან "ქილილა და დამანას" ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისის პროზაული ნაწილის ქართული თარგმანი; ტექსტში ჩართული ლექსები ან არ გადმოუღია, ან პროზად უთარგმნია; ვახტანგ VI-ის ცნობით, მან ტექსტი თარგმნა "კუსა და მორიელის" არაკამდე; თარგმანი შემონახულია ორი ხელნაწერით.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.262


კონტაქტი

www.000webhost.com