გიორგი X

გიორგი X (დ. 1560-1565 შორის — გ. 1606) — ქართლის მეფე 1600-1606 წლებში. სიმონ I-ის ძე. უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის 1598-1599 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1599 სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა. ნახიდურის ბრძოლაში (1599) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა. 1601 ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმალეთის 1602-1612 ომში იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. 1603-1604 მონაწილეობდა ერევნის აღებაში. 1604 აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა — საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით. გიორგი X-ის დროს, 1604-1605, საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით. მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_X


კონტაქტი

www.000webhost.com