გიორგი VI

გიორგი VI (გ. მარტი, 1720) — იმერეთის მეფე 1703–1711, 1712–1713, 1714–1716, 1719–1720, ალექსანდრე IV-ის ძე. 1703 წელს ოსმალთა დახმარებით გამეფდა, მაგრამ იმერეთს ფაქტობრივად გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტრადიციით გიორგი V-დ ითვლება. გიორგი VI-ს მხარს უჭერდა ქართლის სამეფო სახლი და იმერელ ფეოდალთა დიდი ნაწილი. 1707 წელს გიორგი VI-მ დაამარცხა აბაშიძე და მეფობა დროებით განიმტკიცა. 1711 ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა გიორგი VI გადააყენა და მამია III გურიელი გაამეფა. გიორგი VI ჯერ ქართლში გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილთან (ვახტანგ VI), ხოლო მერე ახალციხეში ფაშისთვის დახმარების სათხოვნელად. 1712 წელს ჩხარის ბრძოლაში გიორგი VI-მ დაამარცხა მამია III გურიელი და კვლავ დაიკავა ტახტი, მაგრამ ურჩმა ფეოდალებმა 1713 წელს ისევ მამია გურიელი გაამეფეს. გურიელი მალე გარდაიცვალა (1714) და იგი მისმა შვილმა გიორგი გურიელმა შეცვალა. 1714 წელს ოსმალთა დახმარებით გიორგი VI-მ ისევ დაიბრუნა ტახტი, მაგრამ 1716 ბეჟან დადიანმა და სხვა თავადებმა ახალციხის ფაშას დახმარებით სიმონეთის ბრძოლაში დაამარცხეს გიორგი VI და იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი სტამბოლში წასულიყო. 1719 წელს ოსმალთა დახმარებით გიორგი VI კვლავ გამეფდა. ბეჟან დადიანის, შოშიტა III რაჭის ერისთავისა და ზურაბ აბაშიძის წაქეზებით სიმონ აბაშიძემ გიორგი VI ვერაგულად მოაკვლევინა.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_VI_(იმერეთის_მეფე)


კონტაქტი

www.000webhost.com