გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალე (დ. 1286 — გ. 1346) — საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში, დემეტრე II თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე. აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მამის) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა — მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან — ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება. ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში. გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები. იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“ უწოდა.


წყარო: ქართული ვიკიპედია


კონტაქტი

www.000webhost.com