გიორგი II

გიორგი II

გიორგი II — იმერეთის მეფე 1565-1583, ბაგრატ III-ის ძე. მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I დადიანმა გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძეც. 1565 წელს იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და საჯავახო დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. 1578 წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_II_(იმერეთის_მეფე)


კონტაქტი

www.000webhost.com