ბაგრატ IV

ბაგრატ IV (გ. 1681) — იმერეთის მეფე (1660-1661, 1663-1668, 1669-1678, 1679-1681), ალექსანდრე III-ის ძე. ალექსანდრე III-ის გადაცვალების შემდეგ (1660, 4 მარტი), ბაგრატის დედინაცვალმა დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, თეიმურაზ I–ს ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი. მაგრამ, სულ რამდენიმე თვეში, მისივე ბრძანებით, ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს, ზედწოდებით ჭუჭუნიაშვილს მისთხოვდა. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს. დარეჯანის საქციელით უკმაყოფილო თავადთა ერთმა ნაწილმა (ქვემო იმერეთიდან) ვამეყ დადიანი, მეორე ნაწილმა კი (ზემო იმერეთიდან) ვახტანგ V შაჰნავაზი მიიწვია იმერეთში. ვამეყმა შეიპყრო დარეჯანი და ვახტანგი (ამ უკანასკნელს თვალები დასთხარა) და თავი მეფედ გამოაცხადა. ამასობაში ვახტანგმა ზემო იმერეთი დაიკავა. დადიანი და ვახტანგი შეთანხმდნენ და იმერეთი შუაზე გაიყვეს, საზღვრად მდ. ბუჯისწყალი დადვეს (1660). ცოტა ხანში მათ შორის ურთიერთობა აირია და ვახტანგმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა. ჯერ იმერეთში აიღო სვერის, კაცხის და სკანდის ციხეები, შემდეგ კი ოდიშზე გაილაშქრა. ვამეყ დადიანი ცოლ-შვილით სვანეთში გაიქცა და ჭაქვინჯის ციხეს შეაფარა თავი. ქუთაისში ვახტანგმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავისი ძე — არჩილი (1661 წელი), შემდეგ ქართლში დაბრუნდა და თან წამოიყვანა უსინათლო ბაგრატ IV. მოგვიანებით ვახტანგმა ირანის მოთხოვნით არჩილი უკან გაიწვია და იმერეთში კვლავ გამეფდა ბაგრატი. ვახტანგმა ბაგრატს გაატანა იორამ სააკაძე, იორამმა იგი ქუთაისში მიიყვანა და ტახტზე დასვა. ბაგრატ IV-ის მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალური შინაომების გაღრმავებას, გაძლიერდა იმერელ ფეოდალთა და გურია-სამეგრელოს მთავართა თვითნებობა, გახშირდა „ტყვის სყიდვა“. ბაგრატ IV-ს სამჯერ ჩამოართვეს მეფობა. მეფობის პერიოდშიც მას, ფაქტობრივად, მხოლოდ სამეფო დომენი ემორჩილებოდა. სახლთუხუცესმა სეხნია ჩხეიძემ ქუთაისის ციხე ორჯერ (1666, 1668) გადასცა ოსმალებს. ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება, მაგრამ 1674 წელს იძულებული გახდა თვითონ გადაეცა ის ოსმალებისათვის.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ბაგრატ_IV_(იმერეთის_მეფე)


კონტაქტი

www.000webhost.com