ბაგრატ III

ბაგრატ III

ბაგრატ III ბაგრატიონი გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

სამეფოების გაერთიანება

ამ ქაოსიდან გამოსასვლელად საჭირო ხდება გადამჭრელი ზომების მიღება. იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა შიდა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე თანამოაზრეებით. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევს მცირეწლოვანი ბაგრატ III -ის პიროვნება, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთ-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ „წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა: აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი; ანუ დაიმჭიროს თვით ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“. დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხესათვის (ქართლის მაშინდელი პოლიტიკური ცენტრი) ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა, თავად კი უკან დაბრუნდა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთის ჯარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III -ის აქტიური ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას - გურანდუხტს გადაეცა. 978 წელს, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელშეწყობითა და დავით III ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს, უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფოს მართვას. ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III -ს მიუძღვის. ბაგრატ III-ისათვის უპირველესი მიზანს ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენდა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენასა და დიდაზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება. 980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია, რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები და კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა და დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა. შიდა ქართლის საქმეების მოგვარების შემდეგ ბაგრატი კვლავ დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა იქაური საქმეების მოსაგვარებლად. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მონარქს იმდენად მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, რომ ყველაფრის აწყობასა და დალაგებას წლები სჭირდებოდა. მემატიანე საგანგებოდ აღნიშნავს მეფის მიერ გატარებული ცვლილებების შესახებ. ურჩთა და მოღალატეთა ნაცვლად მეფემ „განადიდა ერთგულნი”-ო. მართალია მთელი ეს პროცესი ერთ წინადადებაშია მოქცეული, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, თუ რა მასშტაბის ბრძოლა დასჭირდებოდა მეფეს მოღალატე დიდებულთა დასამორჩილებლად. მთელ ამ პროცესს ბაგრატ III-მ წლები მოანდომა, ყოველ შემთხვევაში, დაახლ. 988 წლისათვის (ამ წელს ბაგრატი კვლავ აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის და კლდეკარის ერისთავის დამორჩილებას ცდილობს) დასავლეთ საქართველოში ურჩთა წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. სამეფო კარსა და ადგილებზე მეფეს „მისანდობელი თჳისი” ჰყავდა დანიშნული და ამიტომაც უფრო აქტიური ქმედებები დაიწყო ხელისუფლების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. დამოუკიდებლად არსებობს კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, თბილისი და ქვემო ქართლის ნაწილი არაბ ამირას ემორჩილება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელთა ხელშია. მის ერთ ნაწილს ჯერ ბაგრატ III -ის პაპა ბაგრატ II ფლობს, შემდეგ კი ბაგრატის მამა გურგენი, მეორე ნაწილს კი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი. კლდეკარის საერისთავო დამოუკიდებლობას აცხადებს. 989 წლის ზამთარს ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს მიადგა. რატი რატის ძე ბაღვაში მეფეს დანებდა, გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი), შეავედრა შვილი და თვითონ „დაჯდა მამულსა თვისსა არგვეთს“. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა როგორც მოხელე-ერისთავს. 1001 წელს, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II -მ (976-1025 წწ.) დაიკავა. იქ მისულ ბაგრატსა და გურგენს მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, ხოლო მეორეს - მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა რადგან იმიერტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოახერხა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ე.წ. „იბერიის თემი“, საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. მოგვიანებით ეს ტერიტორიება საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლების მიზეზი გახდა. 1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III -მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III -მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული. ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს, დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა „უკეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი“. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წავლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთის დასაპყრობად. იმ დროისათვის აქ უკვე კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატმა ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში „წლითი წლამდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. ასე დასრულდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ძირითადი ეტაპი.


წყარო: ქართული ვიკიპედია


კონტაქტი