ალექსანდრე I დიდი

ალექსანდრე I დიდი (დ. დაახლოებით 1390 — გ. 1445) — საქართველოს მეფე 1412-1442. კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა. მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ 1415 წლიდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 წელს შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. 1440 წლის სიგელით გააუქმა გადასახადის სახეობა — „მალი“. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 წელს მან დიდი ძალისხმევის შედეგად შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე შავბატკნიან თურქმანებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 წლებში ქართველებმა დაიბრუნეს სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან ქვეყნის შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ალექსანდრე მეფე ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში. ალექსანდრე I ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. გამეფების პირველსავე წლებში (1412-1415) ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები - დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი; ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგი, გიორგი და დიმიტრი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთა ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა (1442). ის შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა, ვახტანგ IV-მ.


წყარო: https://ka.wikipedia.org/ალექსანდრე_I_დიდი


კონტაქტი