ალექსანდრე IV

ალექსანდრე IV (გ. 1695), იმერეთის მეფე 1683-1690, 1691-1695. ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი. 1681 წელს, როდესაც ბაგრატ IV გარდაიცვალა, ალექსანდრე IV ქართლის მეფე გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა. ამით ისარგებლა გიორგი გურიელმა და იმერეთის ტახტი მიიტაცა. იმერეთის დიდებულთა და გიორგი XI-ის შუამდგომლობით ოსმალეთის სულთანმა იმერეთის ტახტი ალექსანდრე IV-ს უბოძა და იგი ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტზე ავიდა. პოლიტიკური მიზნით მან თავისი და დარეჯანი მიათხოვა პაატა აბაშიძეს, რომლის გავლენას მთელი ზემო იმერეთი ემორჩილებოდა. 1684 წელს როკითის ბრძოლაში ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიელი და მისი მომხრეები - გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძენი. 1689 წელს, როდესაც გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრე IV-მ შაჰთან დაამყარა ურთიერთობა, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის გამო სულთანმა მას მეფობა ჩამოართვა (1690 წლის აგვისტო). ალექსანდრე IV ქართლში გადავიდა და გორს დადგა. ქართლში ახლად გამეფებული ერეკლე I-ის მეცადინეობით ირანის შაჰმა ოსმალეთის სულთანთან იშუამდგომლა და 1691 წელს ალექსანდრე IV იმერეთის ტახტზე აღადგინეს. ალექსანდრე IV-ის მეფობის დროს გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, მორალურად დაქვეითდა არისტოკრატია. 1695 წელს ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო მისივე სიმამრის გიორგი აბაშიძის თაოსნობით. შეთქმულებმა ალექსანდრე IV შეიპყრეს და გიორგი XI-ს გადასცეს, რომლის ბრძანებით იგი რუისში მოკლეს და იქვე ეკლესიაში დამარხეს.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_IV


კონტაქტი

www.000webhost.com