ალექსანდრე II

ალექსანდრე II

ალექსანდრე II იყო კახეთის მეფე 1527–1605 წლებში. ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა საშინაო საქმეებს, ხელს უწყობდა კახეთის ეკონომიკური ცხოვრების განვითარებას და ფეოდალური ნორმების მოწესრიგებას. მის დროს განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქალაქები(გრემი, ძეგამი). კახეთის სამეფოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან. ალექსანდრე II მოღვაწეობდა რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. თავდაპირველად მამასავით ირანის ვასალად აღიარებდა თავს. 1578 წელს ჩილდირის ტბასთან ოსმალების მიერ სპარსელების დამარცხების შემდეგ, მორჩილება აღუთქვა თურქებს. ყოველწლიური ხარკი იკისრა და ქვეყანას თავიდან ააცილა თურქების შემოსევა, მაგრამ ოსმალეთს არ აკმაყოფილებდა კახეთის ვასალური დამოკიდებულება და კახეთზე თავდასასხმელად აქეზებდა შამხალის ქვეშერმდომ მთიულებს. ამან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ალექსანდრე II კმაყოფილებით შეხვდა რუსეთის მოციქულის, რუსინ დანილოვის წინადადებას, მიემართა თხოვნით რუსეთის მეფისათვის კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ(1585). ალექსანდრე II–მ 1586 წელს ელჩობა გაგზავნა იოაკიმე მღვდელის, კირილე ბერისა და ხურშიტა ჩერქეზის შემადგენლობით. საპასუხოდ რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ ელჩები(ბირკინის ელჩობა კახეთში). 1587 წელს გაფორმდა ხელშეკრულება "ფიცის წიგნი" რუსეთ–საქართველოს პოლიტიკური კავშირის შესახებ. 1589 წელს ალექსანდრე II–მ რუსეთის მეფისაგან მფარველობის ოფიციალური დადასტურება–"წყალობის სიგელი" მიიღო. რუსეთ–კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირანის შაჰს აბას I–ს, მაგრამ თურქებთან ბრძოლაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მტრობას არ ამჟღავნებდა, თუმცა ფარულად გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადებიდა და ოსტატურად აღვივებდა ინტრიგებს კახეთის სამეფო კარზე. 1601 წლის ოქტომბერში შვილმა დავითმა აიძულა ალექსანდრე II ბერად აღკვეცილიყო და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა, მაგრამ ტახტზე მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. 1602 წლის 21 ოქტომბერს დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და ალექსანდრე II კახეთის სამეფო ტახტზე დაბრუნდა. 1603 წლის ნოემბერში შაჰ–აბას I ერევნის ციხეს მოადგა და ქართლ–კახეთის მეფეები თავისთან დაიბარა. ალექსანდრე II დიდხანს ყოყმანობდა, ვიდრე შაჰს ეახლებოდა(1604 აპრილი). შაჰმა ალექსანდრე II ერევნის ციხის აღების შემდეგაც თავისთან დაიტოვა, უკან მხოლოდ 1605 წელს დააბრუნა, შირვანის წინააღმდეგ ლაშქრობა დაავალა და თან გამაჰმადიანებული შვილი, შაჰის კარზე გაზრდილი კონსტანტინე(კონსტანტინე I) გამოაყოლა ყიზილბაშთა ჯარით. კახეთში ჩამოსვლის შემდეგ ალექსანდრე II–მ შეიტყო, რომ რუსეთის ჯარი შამხალზე სალაშქროდ წასულიყო. რუსი ელჩები მ. ტატიშჩევი და ა. ივანოვი მოიტხოვდნენ კახეთის მონაწილეობას ამ ლაშქრობაში. ამის გამო ალექსანდრე II–მ შირვანზე ლაშქრობისაგან თავი შეიკავა. 1605 წლის 12 მარტს ქალაქ ძეგამში, მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს კონსტანტინეს ბრძანებით ღალატით დახოცეს ალექსანდრე II, გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისლები.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.98


კონტაქტი